სადიდებელი რიგით მარტიროსიანს

რიგითო მარტიროსიან, მრდო, ძმაო,
დღეს სამსახურის, ოჯახური ვახშმის,
ბავშვების დაძინების, სერიალის მერე,
დიდსულოვნად ვცადე დროის გამონახვა,
ვორდის ახალი დოკის გახსნა,
საყვარელი ფონტის შერჩევა,
რომ შენს სიკვდილზე დამეწერა
ეს პოსტმოდერნული, გაუპრანჭავი,
მედიდური სადიდებელი.
რიგითო მარტიროსიან, მრდო, ძმაო,
ერთხელ ხომ დავწერე შენი სახელი,
ახლა ყოველ ხუთ სტროფში ერთხელ,
კალენდარულ დღესასწაულში ერთხელ
ყოველ აღლუმში ერთხელ
დანარჩენი ძმების სიკვდილში
ერთხელ,
შემიძლია დავაკოპიპეისტო,
სათქმელი რომ არ გამეწელოს.
ერთბაშად მოვჭრი,
რომ შენი შესაფერისი გლოვისთვის
უამრავი ჰეშთეგია სადარაჯოზე
ვთქვათ – #სამშობლო# ვთქვათ– სამშობლო, ჯარისკაცი, ნორჩი, სამსხვერპლო, გმირი, სასიქადულო, ქედს ვიხრი, ისინი დაეცნენ, რომ ჩვენ, ისინი აღარ არიან, რომ ჩვენ მათი სახელი ჩვენ, ერთბაშად მოვჭრი, რომ შენი გლოვისთვის დაამტკიცეს ზუსტი წესდება, და დროებითი კომისია დაარსდა და ჯერ არ დაშლილა, თანამშრომელი სრულ განაკვეთზე სათანადო დროს გაჩუმდება და ცრემლებს დაღვრის.
რიგითო მარტიროსიან, მრდო, ძმაო,
შენი სიკვდილის გასამართლებლად
გავიხსენეთ ეპიკური პრეცედენტები,
ჯერ შენი ნისლიანი წინაპრების ხელით ამ ქვებზე დაყრილი
და ჩუმად მპოსტავთა ენებზე შხამის ლოკვისგან დაშაშრული
შეთქმულების სიამოვნება
და ამ ცინიკური ამბების ნაკადში
მშიშარა სნობებისთვის,
სულ ზევით, ზევით ასქროლვით
შენი წაშლის, დავიწყების მახრჩობელა.
რიგითო მარტიროსიან, მრდო, ძმაო,
შენ არ იცი,
მაგრამ შენი სიკვდილი უბნის სახლმართველობიდან
გაეროს ნიუიორკულ ოფისამდე მოძრაობის პოტენციალს ქმნის ამ ვეებერთელა სამყაროსთვის
– ერთი ამბობს, არ შეიძლება, რომ სამოთხე არ არსებობდეს,
წინააღმდეგ შემთხვევაში, სად განისვენებს ჩვენი ძმა-გმირი,
მეორე ამბობს – ვერ მოვისვენებ, სანამ არ დავლევ მაგ ბოზიშვილი თურქის სისხლს,
მესამე ამბობს – მე ამირჩიეთ და არსებითად შევამცირებ სიკვდილიანობის შემთხვევებს ახალწვეულთა შორის,
მეოთხე ამბობს -აჰა, ეს ფული და ააჭრელე ქალაქის კედლები მშვიდობის და ტოლერანტობის მომწოდებელი არტ-პროექტებით,
კიდევ სხვა ამბობს – ეს სომხური გენის გამარჯვებაა,
ჩვენ ასეთმა თავგანწირვამ გადაგვარჩინა
ის ერთი კი არ ამბობს, მაგრამ გულისხმობს

  • მანდ ძალიანაც ნუ ფართხალებთ, ჩემი იმპერიის პროვინციაში, თორემ თქვენს ბიჭებსაც, თქვენც იგივე გელით….
    ჩვენც არ ვფართხალებთ.
    რიგითო მარტიროსიან, მრდო, ძმაო,
    ბოდიში, მაგრამ მე და ჩემი ცოლი ძილის წინ და ძილის დროსაც
    სულ ვამოწმებთ არარატის ხედს ჩვენი ფანჯრებიდან და
    წარმოდგენაში ჩვენი ბიჭების მშვიდ მომავალს ვხედავთ,
    სულ სხვა უშარო და ზღვისპირა ქალაქში ვხედავთ,
    სადაც ტყვია, რომელმაც შენ გაგფატრა, ვეღარ მოაღწევს,
    თუმცა ის მაინც განაგრძობს ფრენას,
    თან შენი რაზმის წევრებს გაიყოლებს.
    რიგითო მარტიროსიან, მრდო, ძმაო,
    შენს სიკვდილთან დაკავშირებით ყველაზე პატიოსანი
    ამ ქალწული ჩიტების სევდაა,
    რომლებიც შენი სიყვარულის ყვავილების გარეშე დაჭკნებიან,
    თავიანთ სიზმრებშიც კი ვერ იგემებენ შენი ბარძაყების თაფლს
    და არ დაეცემიან შენი საამაყო შუბით დაჭრილნი.
    შენი სახელის ხსენებისას
    მათ ტუჩებზე ატმის ყვავილი კვდება,
    მათ სიცოცხლე უნდათ, შვილები უნდათ, იპოთეკით სახლი უნდათ, პარიზის საგზურიც
    და უნდათ, დატანჯო, ყელში ამოუხვიდე,
    შენმა უმწეობამ დაღალოს, მაგრამ
    შენი სიკვდილი არ უნდათ, ძმაო.
    რიგითო მარტიროსიან, მრდო,
    ყველაზე მძიმე დედაშენის გატეხილი გულია,
    მისი მზერის ნანგრევებში ფურისულები აღარ აყვავდება,
    რაც არ უნდა, სიკვდილის შემდეგ მედლებით აავსონ,
    რაც არ უნდა ფული შეაგროვონ შენი სახელით,
    უფერო საკლასო ოთახებს შენი სახელი დაარქვან,
    რაც არ უნდა მქადაგებელთა კამპანიებში დაატარონ
    და ოპერებში გააკონცერტონ,
    სულ შვილდაკარგულის, სულ მგლოვიარის, სულ შავოსნის, სულ გმირობადაძალებული,
    ჩვენ ისევ ავსქროლავთ და დავივიწყებთ,
    მაგრამ შენი შუბლის სიცივე
    ყოველთვის დაუწვავს ბაგეებს
    – გაღმაა მხრის უდაბურების საშინელი მინიშნებით,
    რომ შენ დაგტოვა სამუდამო მარტოობაში.

    Diana Anthimiadou

    Ներբողական շարքային մարտիրոսյանին բանաստեղծությունը վրացերեն
Share Button

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *